ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის იმით, რომ ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს – პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ევროსაბჭოზე აპირებენ ბრალის გადატანას პროპაგანდისტული მეთოდებით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით – პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, ისინი წარმოადგენენ ივანიშვილის პარლამენტს. ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში, მათ უნდათ გააგრძელონ მოქალაქეების ცემა, არაადამიანური მოპყრობა, არჩევნების გაყალბება, ყველა ის ქმედება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს უპირისპირდება. ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“. რაც იყო ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის გზავნილი, ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის ამ ქმედებით. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს. „ღირსებით ევროპისკენ“ ცრუ დაპირების შესრულება ხდება არამხოლოდ იმით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს, მათ შორის იმით, რომ PACE-ში ივანიშვილის პარლამენტს არ ეყოლება წარმომადგენელი. რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით – პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ბრალის გადატანას ევროსაბჭოზე აპირებენ პროპაგანდისტული მეთოდებით“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დიდმა ბრიტანეთმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თეონა აქუბარდიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების უფრო ეშინია, ვიდრე ამერიკულის, სწორედ ამას „უკავშირდება ისტერია, გრანტზე ტირილი და მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“.
„ეს არ უკავშირდება გრანტის საკითხს. უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის შიშს ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო მოსამართლეების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს მსგავსად იყო სტრატეგიული პარტნიორი. ყველაზე დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით. ამის ერთი ხელის მოსმით გაქრობა ივანიშვილის ქმედებების შედეგი იყო. გახსოვთ, სანქციები ბრიტანეთისგან წამოვიდა, შემდეგ ამას მოჰყვა აშშ-ს სანქციები. მათ ამ სანქციების ეშინიათ უფრო მეტად, ვიდრე ამერიკულის. ამას უკავშირდება ისტერია, მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, გრანტზე ტირილი, არიქა, თუ 100 ათას დოლარს აიღებს გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება და სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება. ივანიშვილის სუვერენიტეტს იცავენ და არა საქართველოს“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
მან ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, ის ფაქტი შეაფასა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია. თეონა აქუბარდიას შეფასებით, რეპრესიებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პოლიციელები რეგიონებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
“პოლიციის უფროსები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის სანქცირებულები არიან, დღეს რეგიონებში ისეთ პოზიციებზე ნაწილდებიან, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ვერავინ ახსნა რიჟვაძის შემთხვევა, რა იყო მისი ჩანაცვლების მიზეზი. რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძე გაუშვეს. თავისი ნებით არავინ მიდის. როდესაც ტენდენციაა, რომ პოლიციელების მიდიან რეგიონებში, მაღალ თანამდებობებზე, ავტორიტარიზმის მანიშნებელია, იმ რეპრესიების, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი განგრძობითად აპირებს. თუ გადახედავთ ბოლო შედეგებს, უწყვეტ პროტესტს აჭარის რეგიონში, ნახავთ, რომ ივანიშვილმა ვერც თბილისში და ვერც აჭარაში პროტესტის გადატეხა ვერ შეძლო. რეალობაა, რომ აჭარა, ბათუმი კრიტიკულია, მედგრად იცავს კონსტიტუციურ შენაძენს. მათ სჭირდება ოქტომბერში დამატებით ავტორიტარიზმის ჩაბეტონება“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კაბინეტში ცვლილებებს, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ აქამდე „ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა“.
„ორი რამ არის ფაქტი. პირველი: ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა, თავისი კაცი მოეყვანა, რაც ოხანაშვილის პირობებში ხდება, ეს უკავშირდება კობახიძეს. ბალანსის პოლიტიკა, განსაკუთრებით ძალოვნების დაკომპლექტება თავისი ხალხით კობახიძის პირობებში იცვლება. ლილუაშვილს ჰქონდა ურთიერთობა აშშ-სთან, რომელიც პარტნიორი აღარ არის, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა. მე მახსენდება კობახიძის მისამართით ლილუაშვილის ფრაზა. გახსოვთ, ვარჰეიმ როდესაც დაურეკა კობახიძეს, შემდეგ რომ იჩივლა კობახიძემ ორჯერ, მემუქრებოდა სიკვდილითო, ამას ლილუაშვილმა დასცინა – სერიოზული საფუძველი არ იყო, რომ გამოძიებულიყო. არ ვიცი, ლილუაშვილის სუს-იდან გაშვება ბაჩიაშვილს [საქართველოდან მის გასვლას] უკავშირდება თუ ძალაუფლების კონცენტრაციას, ამ ლოგიკით გომელაურიც უნდა გაუშვან, საზღვრის დაცვა გომელაურის ხელშიც არის. არ ვიცი „სამეფო კარის“ თამაშების კუთხით, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს. ვიცი, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
რაც შეეხება ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ „აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც დემოკრატიის პრინციპებისგან შორს არის“.
„რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება? ეს ნიშნავს რომ აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც შორს არის დემოკრატიის პრინციპებისგან. როდესაც პუტინი ატარებს არჩევნებს, წინასწარ იცის რამდენ პროცენტს აიღებს. ასე უნდათ აქაც. 1 წელში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება რუსეთშიც არ მომხდარა. აპირებენ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩქარა გააკეთონ. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება, აღნიშნულზე მე პასუხი არ მინახავს“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
